თბილისი, 21 იანვარი — Sputnik.პირველი არხის მუსიკალურ მეგაპროექტში „საქართველოს ვარსკვლავი" პირველობისთვის ათი ფინალისტი იბრძოლებს. კონკურსის გამარჯვებული საქართველოს სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2019"-ზე წარადგენს.
სამი დიდი კასტინგისა და ნახევარფინალის შემდეგ პროექტის ჟიურიმ ყურადღება 10 კანდიდატურაზე შეაჩერა. ესენი არიან ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, მარიამ კახელიშვილი, იკაკო ალექსიძე, თამარ ლაჭყეპიანი, დიმა კობეშავიძე, ლიზა კალანდაძე, გიორგი ფრუიძე, ბესო ნემსაძე.
შოუს ფინალისტები 26 იანვრიდან თბილისის საკონცერტო დარბაზში ცოცხალი შესრულებით წარდგებიან. ყოველი კონცერტის შემდეგ პროექტს ერთი კონკურსანტი დატოვებს.
ფინალური ათეულის მონაწილეების ბედს ტელემაყურებელი გადაწყვეტს. ამჯერად შოუს ავტორებმა კენჭისყრა Facebook-ით გადაწყვიტეს.
„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება, რადგან გასულ წელს ამ ქვეყნის წარმომადგენელმა ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა.
კონკურსის პირველი, მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 2019 წლის 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.
2018 წელს საქართველოს კონკურსზე წარადგენდა ეთნო-ჯაზ ჯგუფი Iriao, თუმცა კონკურსის ფინალში ის ვერ გავიდა.