თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის მზად არიან, იუწყება თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.
თბილისის ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა და სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს განახლდება.
„ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში დეზინფექციის სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური სითხით დამუშავდა, როგორც სააღმზრდელო ოთახები, ასევე, სველი წერტილები, სამზარეულო ბლოკები, საწყობები და ღია დერეფნები“, - აღნიშნულია სააგენტოს განხცადებაში.
საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გახანგრძლივდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში გრიპისმაგვარი დაავადებით მიმართვის მაჩვენებელი შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 253 ადამიანს შეადგენს. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე მიმართვის მაჩვენებელი 450-ს გადააჭარბებს. H1N1 ტიპის ვირუსმა, ანუ „ღორის გრიპით" გამოწვეულმა გართულებამ დღემდე საქართველოში 17 ადამიანი იმსხვერპლა.