თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან საქართველოს 62 მოქალაქე გამოაძევა – თვითმფრინავი თბილისში ლაიფციგიდან ჩამოფრინდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვდნენ.
ბოლოს ქართველების მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან 2018 წლის სექტემბერში განხორციელდა. მაშინ სამშობლოში 65 ადამიანი გამოგზავნეს.
საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მთავარი გამოწვევაა. ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.
საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან ოთხ თვეში>>
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.