თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მთავრობის გეგმას, რომელიც საქართველოსა და სამი ჩრდილოაფრიკული ქვეყნის – ალჟირის, მაროკოსა და ტუნისის უსაფრთხო სახელმწიფოებად აღიარებას ითვალისწინებს, აღნიშნულია გერმანულენოვანი სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანონპროექტს 509 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 138-მა მისცა ხმა.
როგორც გერმანული მედია–საშუალება აღნიშნავს, უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოების მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურას გაურთულებს.
„უსაფრთხო ქვეყნები არის ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე შანსი აქვთ. ქვეყნების ამგვარად კლასიფიცირება დააჩქარებს თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცესს და საშუალებას მოგვცემს, შევწყვიტოთ მათი გერმანიაში ყოფნა, თუ მათი განაცხადი უარყოფილი იქნება“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა.
კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის ბუნდესრატის (ფედერალური საბჭოს) თანხმობაა აუცილებელი. შესაბამისად, კანონპროექტი შემდგომი პროცედურისთვის გადაეგზავნება ბუნდესრატს, რომლის სხდომები თვეში ერთხელ იმართება. ბუნდესრატში კენჭისყრა 15 თებერვალს არის დანიშნული.
ზეეჰოფერის განცხადებით, საქართველოს, ალჟირის, მაროკოსა და ტუნისის მოქალაქეებს თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე მაჩვენებელი აქვთ, კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, ამ ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა მხოლოდ 0,3%-მა მიიღო დადებითი პასუხი.
უსაფრთხო ქვეყნად საქართველო უკვე მიჩნეულია ირლანდიის, ლუქსემბურგის, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიის, ლიხტენშტეინისა და ისლანდიის მიერ.
უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანით აღნიშნული ქვეყნები აღიარებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრებათ დევნა რელიგიური, ეროვნული, სოციალური, პოლიტიკური თუ რასობრივი კუთვნილებით. შესაბამისად, ხელშესახები მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ.