საქართველომ ვენაში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

გამოფენის სტუმრებში განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ზამთრის კურორტებმა და ქართულმა სამზარეულომ გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Ferien-Messe 2019, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Ferien-Messe 2019-ს, რომელსაც 43-წლიანი ისტორია აქვს, 155,3 ათასი დამთვალიერებელი სტუმრობდა. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ერების ეროვნული სამზარეულოს, კულტურისა და ტრადიციების ამსახველ სტენდებს. გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში სტუმრებმა ისიამოვნეს ეროვნული ცეკვებით, მუსიკით, ღვინისა და ტრადიციული კერძების დაგემოვნებით. 

გერმანიაში გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა ღვინის ავეჯი წარადგინეს

ტურიზმის ადმინისტრაციის გარდა გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ათი ქართული ტურისტული კომპანია. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ვიდეორგოლების ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ზამთრის კურორტებმა და ქართულმა სამზარეულომ დაიმსახურა.

ვენაში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე 80-ზე მეტი ქვეყნიდან 800 ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.

ავსტრიელი ტურისტების საქართველოსადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს ავსტრიიდან საქართველოში დაახლოებით ათი ათასი საერთშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 33%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.