Sputnik-ი სააგენტოს აკაუნტების „ფეისბუქიდან“ გაქრობას ცენზურას უკავშირებს

გვერდების დაბლოკვა – ეს „ფეისბუქის“ ერთადერთი რეაქციაა მედიის ხარისხიან მუშაობაზე, მიაჩნიათ პრეს-სამსახურში.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. კომპანია Facebook-ის ქმედება, რომელმაც რუსეთთან დაკავშირებული 500 აკაუნტი წაშალა, მათ შორის, სააგენტო Sputnik-ის შვიდი გვერდი, პოლიტიკურად მოტივირებულია და ფაქტობრივი ცენზურაა, განაცხადეს Sputnik-ის პრეს-სამსახურში.

Facebook-ის კიბერუსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა ნათანიელ გლეიჰერმა განაცხადა:

„დღეს ჩვენ Facebook-დან წავშალეთ 364 გვერდი და ანგარიში, რომლებიც კოორდინირებულად და შეუსაბამოდ იქცეოდნენ ქსელში. ამ ქცევის გამომწვევი ანგარიში რუსეთშია რეგისტრირებული, ხოლო სხვა გვერდები მოქმედებდნენ ბალტიისპირეთში, ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში“.

გარდა ამისა, კომპანიამ ასევე წაშალა Facebook-ის 107 გვერდი და Instagram-ის 41 აკაუნტი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული აკაუნტების მფლობელები „უკრაინელებად ასაღებდნენ თავს და მთელ რიგ ფეიკურ აკაუნტებს მართავდნენ, ავრცელებდნენ რა ახალ ამბებს უკრაინიდან იმგვარ თემებზე, როგორებიცაა ამინდი, პროტესტები, ნატო და სანიტარული მდგომარეობა სკოლებში“.

კომპანიის განცხადებით, ეს აკაუნტები ასევე დაკავშირებულია რუსეთთან.

„გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად წმინდა პოლიტიკურია, ფაქტობრივად, ცენზურაა: დაბლოკილია რედაქციის 7 გვერდი ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში. Sputnik-ის რედაქციები ახალი ამბებით არიან დაკავებული და ამას კარგად აკეთებენ. და თუ ეს დაბლოკვა ერთადერთი რეაქციაა Facebook-ის მხრიდან მედიის მუშაობის ხარისხზე, მაშინ ჩვენ კითხვები არ გვაქვს, აქ ყველაფერი ნათელია. აი, იმედი კი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, გვაქვს. წაიკითხეთ Sputnik-ი“, – განაცხადეს პრეს-სამსახურში.