ერთად ერთმანეთისთვის – საზოგადოება დიღომში დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს

2019 წელი არც ისე სახარბიელოდ დაიწო საქართველოში. ამ მოკლე პერიოდში ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას, ვირუსს თუ სხვა უბედურ შემთხვევას. გუშინ კი სრულიად საქართველო შეძრა დიდ დიღომში დატრიალებულმა ტრაგედიამ.
Sputnik

ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვით მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი შეეწირა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა ბევრი იბრძოლეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. აფეთქება  ფირალიშვილების ოჯახში მოხდა, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი, მათი მშობლები და დეიდა იმყოფებოდნენ.

ძნელია სიტყვებით გადმოსცე ამ ტრაგედიით გამოწვეული ტკივილი და განცდები. ხშირად დუმილი სჯობს არაფრისმომცემ სიტყვებს...

სულისშემძვრელმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გააერთიანა. დაზარალებულთა დახმარების მიზნით სოციალურ ქსელში უმრავმა ადამიანმა, კომპანიამ, საჯარო დაწესებულებამ გამოაქვეყნა მიმართვა. ისინი თანადგომას, საკვებს, თავშესაფარს, ბავშვებისთვის სათამაშოებს, ტკბილეულს სთავაზობენ დაზარალებულ ოჯახებს.

ერთად ერთმანეთისთვის – საზოგადოება დიღომში დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს

„მეგობრებო! გარდა იმისა, რომ ჩემ სახლში შემიძლია შეგიფაროთ და მეტ-ნაკლებად შეგიმსუბუქოთ ტრაგედიით გამოწვეული ელდა და შოკი, თუ ვერ ახერხებთ მოსვლას, შეგვიძლია მანქანით მოგაკითხოთ, ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ ავლაბარში, ცარიელ სახლში გაგათევინონ ღამე. არ ინერვიულოთ მეგობრებო, არავინ დარჩებით უმწეოდ და ბედის ანაბარა. მხოლოდ გარდაცვლილებს ვერ დავუდგებით გვერდში და არ ვიცი როგორ ვანუგეშო მათი ოჯახის წევრები, გული მაქვს გაგლეჯილი“, – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი Lel Winglessangel.

„ვუერთდები სხვა ადამიანებს და ყოველგვარი მორიდების გარეშე შემიძლია ვუმასპინძლო და დავაბინავო 4 ადამიანი. ჩემთვის დიდი პატივი იქნება თქვენი სტუმრობა, არავის მოგერიდოთ. ვცხოვრობ ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე (ფიქრის გორა) განსაკუთრებით სიხარულით ბავშვიან ოჯახებს ვუმასპინძლებ, რადგან სახლში მაქვს უამრავი ბავშვის სათამაშოები და სხვა გასართობები. მართლა არავის მოგერიდოთ. ერთად ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება! 595913330“, წერს სანდრო ელოშვილი.

„დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედია არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი. Happy-Angels-ის ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და უსურვებს გამძლეობას ამ მძიმე ვითარებაში. ასევე ჩვენ მზად ვართ გვერდით დავუდგეთ დაზარალებულ ოჯახებს. შეგიძლიათ თქვენი პატარები მოიყვანოთ და დატოვოთ ჩვენთან მთელი დღის განმავლობაში (ეს არ არის ერთჯერადი შემოთავაზება, ჩვენ იმდენ ხანს გაგიწევთ მსგავსი სერვისით დახმარებას, რამდენი ხანიც ეს იქნება დაზარალებული პატარებისთვის საჭირო). ჩვენ ვიზრუნებთ მათ განწყობაზე, კვებაზე, გადავატანინებთ ყურადღებას და შევეცდებით ამით გავუწიოთ მცირედი ფსიქოლოგიური დახმარება გადატანილი სტრესის შემდეგ. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: ‭599 500 856‬. არ მოგერიდოთ მეგობრებო, დღეს ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ეს კი ყველაზე მცირედია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ტრაგედიის ფონზე. გისურვებთ მშვიდობას! მიმართი: ფარნავაზ მეფის 18ა“, - Eka Kenchadze.

„მეგობრებო თუ ვინმეს უკეთდება ოპერაცია და სისხლი სჭირდება, აქ ვარ პირველი დადებითი. ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – Keti Choladze.

„შპს „თბილისის #14 შერეული პოლიკლინიკა" მზად არის დიდი დიღმის დაზარალებული კორპუსების მცხოვრებლებს უსასყიდლოდ აღმოუჩინოს ნებისმიერი სახის სამედიცინო დახმარება". მის. ი. პეტრიწის #11. ტელ: 5 51 37 31 32, 2 53 49 32“.

„თუ ვინმეს სისხლი დასჭირდა! მეორე დადებითი!!! ნებისმიერ დროს 571051912! ან სხვა რამე გჭირდებათ, არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება, ან მათ დასახმარებლად რამის მოფიქრებას ვაპირებთ ნებისმიერ დროს დამირეკეთ“, – წერს ფეისბუქ-მომხმარებელი Mariam Gigniashvili.

აქვე გაცნობებთ, რომ შპს „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია. მსურველებს შეგიძლიათ მიაკითხოთ „სისხლის ბანკს“, რომელიც ლუბლიანას ქ.#2/6-ში მდებარეობს.