ჭიჭინაძე: თუ ვიღაცას საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა, მისამართი აერია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სიის შესახებ საუბრობს.
Sputnik

„თუ ვიღაცას საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა, მე მგონი, ამ ქვეყანაში მისამართი აერია. ეს ქვეყანა არასოდეს მიიღებს ვიღაცა ერთი კაცის სასამართლოს. სასამართლო არის ყველას ინტერესში. ჩვენ ვხედავთ, რომ დამსახურებას იწერენ, რომ გაიწვიეს ეს სია. შესაბამისად, ხვდებიან, რომ ეს ნაბიჯი არასწორი იყო“, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2018 წლის დეკემბრის ბოლოს წარუდგინა. თუმცა, ბიოგრაფიებისა და დასაბუთების გარეშე წარმოდგენილმა მოსამართლეთა სიამ როგორც ოპოზიციაში, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უარი თქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სასწრაფო დამტკიცებაზე და საკითხი საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.