ფაშინიანმა ქართველ ხალხს ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა

დიდ დიღომში აფეთქებისას ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარი სომხეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ ხალხს გასული ღამის ტრაგიკული მოვლენების გამო სამძიმარი გამოუცხადა.

ფოტოგრაფის ტრაგიკული ღამე: მძიმედ საამბობი >>

ოთხშაბათს საღამოს ძლიერი აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს 8 დაშავებული – უმეტესობა ბავშვი. საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

„ნიკოლ ფაშინიანმა გამოუცხადა სამძიმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ქართველ ხალხს, გარდაცვლილთა ახლობლებსა და ოჯახის წევრებს უსურვა გამძლეობა და სიძლიერე, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება“, - ნათქვამია სომხეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოს სამძიმარი გამოუცხადეს ასევე ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა, ესტონეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად: მედია სტატისტიკას აქვეყნებს

აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა, ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. აფეთქება შემოწმების დასრულებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.