თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ბრიტანულ ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია იშვიათი წიგნი სახელწოდებით Leila or The star of Mingrelia („ლეილა, ანუ სამეგრელოს ვარსკვლავი“), რომელიც ნიუ-იორკში 1860 წელს გამოიცა.
წიგნი აღმოაჩინა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ, რომელიც დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამეცნიერო მივლინებით იმყოფება.
„გუშინ ჩემთვის უცნობი ნაწარმოები „ლეილა სამეგრელოს ვარსკლავი“ ვიპოვე ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, დღეს ჩემმა მეგობარმა მურატ ცინცაძემ კი გაარკვია რომ ამ ნაწარმოების მიხედვით 1931 წელს ინდოელებს ფილმი გადაუღიათ, აჰა დასტურად აფიშაც! აი რა შორს წავიდა თურმე ჩვენი მეგრელი ლეილა, ჩვენ კი ქართველებმა რამდენი რამ არ ვიცით, რამდენი რამ თავიდან გვაქვს აღმოსაჩენი“, - წერს კალანდია თავის გვერდზე.
როგორც აღნიშნულია, ფილმი იყო უხმო, მისი რეჟისორი კი იყო ვინმე რ. პრაკასა. ფილმში როლებს ასრულებენ - დევაკი, ტარა, შუშილა დევი, ტ.ს. მანი, მ.ვ. რაჯუ, გაფური, დხასინკი და სამკბარი.
რაც შეეხება წიგნს, ის ბრიტანულ ბიბლიოთეკას საჩუქრად ამერიკული გემის კაპიტანმა სმიტმა გადასცა.
გამოცემის ავტორია ბრიტანელი მწერალი და ჟურნალისტი ჯორჯ უილიამ მაკარტურ რეინოლდსი (1814-1879). რეინოლდსი დაიბადა სანუიჯში, კენტის საგრაფოში. იყო სამეფო ფლოტის ფლაგმანის კაპიტნის, სერ ჯორჯ რეინოლდსის ვაჟი. რეინოლდს ბავშვობიდან ამზადებდნენ სამხედრო კარიერისთვის, მან სანდხერსტში სამეფო სამხედრო კოლეჯში ჩააბარა. თუმცა 1929 წელს მშობლების გარდაცვალების და მემკვიდრეობის მიღების შემდეგ გადაწყვიტა თავი ლიტერატურულ მოღვაწეობას მიუძღვნას. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ნაწარმოებთა სერია „ლონდონის საიდუმლოებანი“ (Mysteries of London).