რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად: მედია სტატისტიკას აქვეყნებს

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისში 2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა, 285 კი მოიწამლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისის" სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

ენერგოომბუდსმენი: სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი>>>

კომპანიის ინფორმაციით, 2018 წელს ბუნებრივი აირის ნამწვის (CO) გაჟონვით 27 ადამიანი გარდაიცვალა, 98 კი მოიწამლა.

2017 წელს ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა 30-ს, მოწამლულთა რაოდენობამ კი 62-ს მიაღწია. რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, დაღუპულთა რიცხვი 29, მოწამლულთა რაოდენობა კი 125 იყო.

ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. გუშინ დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი. მათი უმრავლესობა ამ დროისთვის უკვე გაწერილია. კლინიკაში რჩებიან ერთი ბავშვი, რომელსაც ღამით რთული ოპერაცია ჩაუტარდა, და ერთი ორსული.

ღამის ტრაგედია: ვინ ააშენა საცხოვრებელი კორპუსი თბილისში და რატომ მოხდა აფეთქება

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. აფეთქება შემოწმებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აღძრული საქმის ფარგლებში უკვე დაკითხეს „ყაზტრანსგაზ–თბილისის" თანამშრომლები.

პოლიციის განყოფილებაში ახლაც დაკითხვაზე იმყოფებიან როგორც „ყაზტრანსგაზის", ისე კომპანია L Group-ის წარმომადგენლები. სწორედ ამ კომპანიამ ააშენა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი.

საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღეს გამოცხადდა. სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.