ბათუმში ძლიერი ქარის გამო ორი ადამიანი სახლის სახურავიდან ჩამოვარდა

მამაკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ბათუმში ძლიერი ქარის გამო საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ორი ადამიანი ჩამოვარდა, იუწყება ქართული მედია.

შემთხვევა ბათუმში, ხახულის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდნენ.

ერთ-ერთი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება წელის არეში აქვს მიღებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე გაუარესდება

რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, ის მხოლოდ მსუბუქად დაზიანდა და მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია.

ამ დროისთვის ბათუმში ძლიერი ქარია. ქარმა ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და დააზიანა რამდენიმე შენობის ფანჯარა. მოსახლეობა შეშფოთებულია იმით, რომ ქარის გამო მშენებარე კორპუსებიდან სამშენებლო მასალები ცვივა.