თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოდან მანდარინის ექპორტმა, 15 იანვრის მონაცემებით, 28,86 ათასი ტონა შეადგინა, რაც შარშანდელ ამავე პერიოდის მონაცემებს 6,5 ათასი ტონით ჭარბობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.
ყველაზე მეტი ციტრუსი გაიგზავნა რუსეთში – 18,3 ათასი ტონა, უკრაინაში – 6,3 ათასი ტონა და სომხეთში – 2,7 ათასი ტონა. რუსულ ბაზარზე მანდარინი მოხვდა როგორც სახმელეთო გზით – საბაჟო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ გავლით, ისე საზღვაო – ბათუმის პორტიდან ნოვოროსიისკში.
კილოგრამი მანდარინის საბითუმო ფასი 0,4-დან 0,7 ლარამდეა.
ამ სეზონზე, ისევე, როგორც გასულ წლებში, სახელმწიფო ეხმარება ფერმერებს, აძლევს მათ სუბსიდიას არასტანდარტულ მანდარინზე. კომპანიები, რომლებიც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ კილოგრამ მანდარინს შეიძენენ 0,2 ლარად, 0,1 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.
ქარხნების მიერ მიღებულმა სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 14 იანვრამდე შეადგინა 11,855 ტონა, რაც 3,596 ტონით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
გასულ წელს საქართველოდან დაახლოებით 23,6 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. მანდარინის ექსპორტი ხორციელდება რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და კატარში.