თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია კამპანიის „გავუფრთხილდეთ ქალაქს" ფარგლებში მოსახლეობას საახალწლოდ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარებას სთავაზობს, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ნაგვის კონტეინერებში მოხვედრა სერიოზული პრობლემაა, რაც თავიდან უნდა იყოს არიდებული.
„ჩვენი, ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს წამოიწყოს კამპანია „გავუფრთხილდეთ ქალაქს" და ამ კამპანიის ფარგლებში იწყებს აქციას, რომ ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები", – განაცხადა კალაძემ.
საახალწლოდ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარება შესაძლებელი იქნება ვაკის პარკში, კიკვიძის ბაღში, რიყის პარკსა და ვერის ბაღში გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე. გამოყენებულ ნაძვის ხეებსა და ჩიჩილაკებს სპეციალურად დაამუშავებენ და სხვადასხვა მიზნით გამოიყენებენ.