ახალი ავტობუსები თბილისის მერიას 69 მილიონი ლარი დაუჯდება

თბილისის მერია დედაქალაქის ავტობუსების პარკს თანდათანობით აახლებს.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისში 2019 წელს იაპონური კომპანია ISUZU-ს თანამედროვე ტიპის 220 ახალ ავტობუსს შემოიყვანენ, განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობაზე ტენდერი ცხადდება >>

ტენდერი უკვე დასრულებულია, თუმცა, ხმალაძის თქმით, კომპანიასთან შეთანხმება ჯერჯერობით გაფორმებული არ არის. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ახალი ავტობუსების შემოყვანა.

„ეს არის 220 ერთეული რვამეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი... ეს ავტობუსები აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისში ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია იწყება

ახალი ავტობუსების შესყიდვის საერთო ღირებულება დაახლოებით 69 მილიონ ლარს შეადგენს.

ავტობუსების ავტოპარკის განახლება თბილისის მერიის მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. დეკემბრის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერიამ 90 ერთეული МАN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა, რომელთა შემოყვანას 2019 წლის თებერვლიდან დაიწყებს.

2019 წელს მერია სულ 240 ერთეული ავტობუსის შეძენას გეგმავს. აქედან 90 ავტობუსი იქნება ელექტროძრავზე მომუშავე, ხოლო 150 ერთეული ავტობუსი ბუნებრივ აირზე იმუშავებს. თბილისში 2020 წლიდან დამატებით შემოიყვანენ კიდევ 200 ახალ 18-მეტრიან ელექტროავტობუსს.

დღეისთვის თბილისში 600–650 ავტობუსი მოძრაობს. მათგან 143 MAN-ის ფირმის ახალი ავტობუსია, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა და შშმ პირებზეა ადაპტირებული.

თბილისის ავტობუსები დღეში საერთო ჯამში 109,5 ათას კილომეტრს გადიან და 1800-ზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.