საქართველოში სკოლების მოსავლელად 5 მილიონი დოლარი გამოყვეს

სკოლების მოვლა ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოში იწყება განათლების სამინისტროს საპილოტე პროექტი, რომელიც საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობას ეხება, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი პირველ ეტაპზე რამდენიმე ათეულ სკოლას შეეხება. განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ,  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და სხვა სპეციალისტებმა სამოქმედო გეგმა რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს გააცნეს. 

„დედა ენა" სკოლებში ბრუნდება

პროექტის მთავარი მიზანი, რომლის ღირებულება ხუთი მილიონი დოლარია, უსაფრთხო, ჯანსაღი და მოსწავლეებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნაა.

პროექტის განსახორციელებლად თავიდან ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში სრული ინვენტარიზაცია ჩატარდა და შესაბამისი მონაცემები განათლების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში eSchool შევიდა. გარდა ამისა, საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამის მართვისთვის სპეციალური კომპიუტერული პროგრამა შემუშავდა.

პრობლემების განსაზღვრისთვის მიმდინარეობს არსებული სკოლების ინფრასტრუქტურის შეფასება.

პროექტს საქართველოს მთავრობა და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“ აფინანსებენ.

საქართველოში სულ 2085 სახელმწიფო საჯარო სკოლაა.