გერმანიაში გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა ღვინის ავეჯი წარადგინეს

ქართველი მწარმოებლები პირველად მონაწილეობენ ავეჯის დიზაინერთა გამოფენაში.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ქართული ავეჯის კომპანიები კიოლნში საერთაშორისო გამოფენა PASSAGEN 2019-ში მონაწილეობენ, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ Facebook-გვერდზე.

დიზაინის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა ოცდამეათედ ტარდება. გამოფენას, რომელშიც ოთხი ქართული კომპანია მონაწილეობს, ესწრებიან საერთაშორისო ექსპერტები, პოტენციური პარტნიორების მაძიებელი კომპანიები და მასმედიის წარმომადგენლები. 

საქართველო ვაშლის ჩიფსების ექსპორტს ჩინეთში განახორციელებს

როგორც ევროპული კლასტერული თანამშრომლობის პლატფორმის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, წელს ინტერიერის დიზაინის კვირეულის PASSAGEN-ის საერთაშორისო თემატიკა საქართველოზეა ორიენტირებული. ქართული ავეჯი საერთაშორისო ღონისძიებაზე პირველადაა წარმოდგენილი. Design Georgia-ს დროშის ქვეშ ოთხი პერსპექტიული დიზაინ-სტუდია „დიზაინ ბიურო“, „ფუნდუკი“, XYZ და ანუკი თავართქილაძის სტუდია გამოფენაზე ქართული ავეჯის ინდუსტრიას წარმოადგენენ. ოთხივე სტუდია ქართული ავეჯის კლასტერის წევრია.

საქართველოდან ყველა მონაწილე კომპანია გამოფენაზე ღვინის ავეჯს წარმოადგენს, იუწყებიან სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში ამოქმედდა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მიმართულია ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ.

ქართული კომპანიები გამოფენაში მონაწილეობენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ორგანიზაცია „გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებისა“ და ქართული ავეჯის კლასტერის მხარდაჭერით. ღონისძიება 20 იანვრამდე გაგრძელდება.