საგარეო ბრუნვა: საქართველოს მორიგი რეკორდი

ქვეყნიდან საქონლის ექსპორტის ზრდა 2016 წლის სექტემბრიდან აღინიშნება, ხოლო გასული წლის მაისში რეკორდული – 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა და დაახლოებით 12,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ქართული პროდუქციის ექსპორტი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 22,9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 3,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ

იმპორტმა 2018 წელს 9,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ანუ 14,9%-ით მეტი, ვიდრე 2017 წელს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ექსპორტის ზრდას რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორის, გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თავისუფალი ვაჭრობა

საქართველო და ინდოეთი დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ – კვლევამ აჩვენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 12 იანვრის განცხადებაში.

ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში გაიტანეს>>

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.