თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-განცხადებაში.
დაბლობში ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მოსალოდნელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით - ძლიერი ქარი. მთიან და მაღალმთიან ზონებში მოთოვს, ალაგ-ალაგ - ძლიერ. ნავარაუდევია ნისლი და ქარბუქი.
ძლიერმა ნალექმა მთებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება შეიძლება გამოიწვიოს.
შტორმი შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალს მიაღწევს.
აღმოსავლეთ საქართველოში ოთხშაბათს, ღამე მოსალოდნელია +1 გრადუსი, დღისით - +14 გრადუსი. ხუთშაბათ ღამით კი ტემპერატურა მინუს ერთ გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით +7 გრადუსამდე დათბება.
დასავლეთ საქართველოში ოთხშაბათს, ღამე +8 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით - +14. ხუთშაბათს ტემპერატურა ღამით 0 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით 7 გრადუსამდე დათბება.