თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული პირები - დიმიტრი ჭრელაშვილი, კახა ბეჟიტაშვილი და გივი ბეგიაშვილი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის გამო დაკავებულთა რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა >>
ჭრელაშვილი, ბეჟიტაშვილი და ბეგიაშვილი 2018 წლის აპრილში დააკავეს, ორი მათგანი - თბილისში, ერთ-ერთი კი კახეთის რეგიონში, სოფელ ძველ ანაგაში. ყველა მათგანი წარსულში ნასამართლევია და ერთ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში შედიოდა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულები აქტიურ კავშირში იყვნენ ევროპაში მცხოვრებ კანონიერ ქურდებთან - მალხაზ ზედელაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან. ისინი კანონიერი ქურდებისგან იღებდნენ დავალებებს და ქურდული სამყაროს წესებით მოქმედებდნენ, იღებდნენ მონაწილეობას ქურდულ გარჩევებში.
მათ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლის ვინაობა არ სახელდება, მოუწყვეს მსგავსი გარჩევა, დაემუქრნენ ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურებით და 60 ათასი ლარი მოსთხოვეს.
ბრალდებულების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 231-ე პრიმა მუხლით „ქურდული სამყაროს“ წევრობა“, „კანონიერი ქურდობა“, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის სასამართლომ ჭრელაშვილსა და ბეჟიტაშვილს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ბეგიაშვილს - 6,5 წლით.