Car Sharing - თბილისში ახალი სერვისი ინერგება

ელექტრომობილებით სარგებლობის შემდეგ, მოქალაქეები ავტომობილების დატოვებას თბილისის მასშტაბით ნებისმიერ საპარკინგე ადგილზე შეძლებენ
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. კომპანია Aicar-ი თბილისში ე.წ. ქარშეარინგის ( Car Sharing) სერვისის დანერგვას გეგმავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თბილისის მერია აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს.

საქართველოში შვედურ ელექტრომობილ UNITI ONE-ს ააწყობენ

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დედაქალაქში 300 ელექტრომობილი შემოვა, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე  განთავსდება. ელექტრომობილებით სარგებლობა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომელსაც მომხმარებელი საკუთარ ტელეფონში გადმოწერს. აპლიკაციის საშუალებით ასევე შესაძლებელი იქნება სასურველი ავტომობილის დაჯავშნა, მისი გაღება და დაძვრა.

„ყველა ევროპულ ქალაქში არის ე.წ. ქარშეარინგი, ანუ ხდება ავტომობილების გაზიარება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ავტომობილით, რომელიც ქალაქში სხვადასხვა ადგილასაა გაჩერებული“, -აღნიშნა კალაძემ.

მერის განცხადებით, ავტომობილით სარგებლობა მოქალაქეებისთვის მათთვის სასურველი დროით, გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, აღნიშნული სერვისი დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

კალაძე: მიწისქვეშა კომუნიკაციების სარემონტო სამუშაოები ხარისხიანად უნდა ჩატარდეს

პირველ ეტაპზე თბილისში სამი მოდელის – Nissan, Renault, Smart ავტომობილები შემოვა, დროთა განმავლობაში კი მათი რაოდენობა გაიზრდება. 

ელექტრომობილებით სარგებლობის შემდეგ, მოქალაქეები ავტომობილების დატოვებას თბილისის მასშტაბით ნებისმიერ საპარკინგე ადგილებზე შეძლებენ. ასევე, სერვისის ფარგლებში, ქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მანქანის დამუხტვა.