საქართველოს რომელი უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს

საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ უცხოეთში სწავლის გაგრძელება ან დასაქმება
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოში 24 კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკრედიტაცია აქვს, წერს გამოცემა Forbes Georgia.

მერამდენე ადგილზეა თსუ მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის>>>

საქართველოში მთლიანობაში 80 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. საერთაშორისო სტანდარტები დაინტერესებულ პირს ეხმარება იმის გაგებაში, ამა თუ იმ სასწავლებელში მიღებული დიპლომი რამდენად აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას, სწავლა უცხოეთში გააგრძელოს ან შრომის გლობალურ ბაზარზე გახდეს კონკურენტუნარიანი.

დღეისთვის საერთაშორისო სტანდარტებს შემდეგი უმაღლესი სასწავლებლები პასუხობენ:

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტიდავით ტვილდიანი სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიააპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისის უნივერსიტეტი
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტითბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიააკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიუმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტების სია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის 5 მაისს განაახლა. თუ ადრე ავტორიზაციის გავლისთვის უნივერსიტეტებს სამი სტანდარტის დაკმაყოფილება სჭირდებოდათ, დღეისათვის ეს ციფრი შვიდამდე გაიზარდა:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა; საგანმანათლებლო პროგრამები; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი; სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები; კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა; მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.

ქართული სასწავლებლები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საუკეთესოთა სიაში მოხვდნენ

მიიჩნევა, რომ რაც უფრო ბევრ სტანდარტს იცავს აქედან უნივერსიტეტი, მით უფრო ხარისხიანია გარემო, სადაც სტუდენტები სწავლობენ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტანდარტებთან შესაბამისობას ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა საბჭო, რომელშიც შედიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტები და ასევე სტუდენტებიც.

აღსანიშნავია, რომ 24-დან ორი - თავისუფალი უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვა სასწავლებლებზე მეტად შეესაბამებიან სტანდარტებს, რომლის წყალობითაც მომავალი ექვსი წლის განმავლობაში მათ არ დასჭირდებათ წარმოადგინონ გაწეული სამუშაოს შესახებ რაიმე სახის ანგარიში.

ექსპერტების ყველა დასკვნა განთავსებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.