საქართველოს პარლამენტი მუშაობას თებერვალში განაახლებს

საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას ოფიციალურად 5 თებერვალს განაახლებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.

საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მათ შორის, პარლამენტარები იმსჯელებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატზე, სწორედ აღნიშნული კანდიდატების სია გახდა მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" განხეთქილების მიზეზი. 

„ბესელიას განცხადება გაუგებარია" - ივანიშვილი მოსამართლეების ირგვლივ აჟიოტაჟს აფასებს>>>

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2018 წლის დეკემბრის ბოლოს წარუდგინა. იუსტიციის საბჭომ მათი დამტკიცება სასწრაფო წესით მოითხოვა, რადგან უზენაეს სასამართლოში 26 ადგილიდან 16 ადგილი ამ დრომდე ვაკანტურია.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა

ბიოგრაფიებისა და დასაბუთებების გარეშე წარმოდგენილმა მოსამართლეთა სიამ როგორც ოპოზიციაში, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში აღშფოთება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ სიაში აღმოჩნდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ.

ამ ფონზე პოსტი დატოვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელიც სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მმართველი პარტიის ლიდერებში გაკვირვება გამოიწვია ბესელიას განცხადებამ, რომ იგი თანამდებობას მოსამართლეებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ტოვებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბესელიას თანამდებობიდან წასვლა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იყო შეთანხმებული და ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი უნდა გამხდარიყო.

შედეგად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უარი თქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სასწრაფო დამტკიცებაზე და საკითხი საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში, კონსტიტუციის მსგავსად, პარლამენტის ახალი რეგლამენტიც რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა, კანონმდებლებს საქმიანობა ახალი რეგლამენტის პირობებში მოუწევთ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, 28 ივნისს დაიხურება.