თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. დღეიდან იმ ავტომობილების მძღოლები, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ავტომატურ რეჟიმში დაჯარიმდებიან, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა. ამ დროისთვის ვიდეოკამერები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.
„ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ვიდეოჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ ათი კალენდარული დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; თუ პირი ათი დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი მას ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილზე გაეგზავნება.
ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში კი 30-დან 60 დღემდე ვადაში პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. ამის შემდეგ საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა.
ასევე, ვიდეო- ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი.
ტექდათვალიერებაგავლილი 130 ათასი ავტომობილიდან 40 ათასი უვარგისი აღმოჩნდა>>
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.
პირველ ეტაპზე, 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის. 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. შემოწმებას დაექვემდებარა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. 1 ოქტომბრიდან კი მესამე ეტაპი დაიწყო - სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარა ძრავის დიდი მოცულობის (3,0 და მეტი) მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა.