ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: Spider-Man, Captain America, X-Men და მაინც მეთოჯინე...

რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორმა მეთოჯინის როლი მოირგო და მოგვიყვება, თუ როგორია სცენაზე და კულისებს მიღმა გატარებული სამუშაო დღე.
Sputnik

ყველანი ბავშვობიდან რომ მოვდივართ და „დრო მხოლოდ ილუზიაა“, დღეს ამას ეგზიუპერი კი არა თოჯინების თეატრი გვახსენებს.

საახალწლოდ ეს მეტაფორები რომ რეალობაში გადმოგვეტანა, თეატრის სცენაზე ფარდები გავხსენით და „საახალწლო ზღაპარში“, ბავშვობის მონატრებულ სამყაროში წკარუნით და ფეხაკრეფით დავიწყეთ სიარული, რათა მოგიყვეთ, რას გრძნობდა ჯეპეტო, როცა პინოქიო შექმნა, ანუ რას ნიშნავს იყო მეთოჯინე.

ფარდების გახსნამდე ბავშვების მოლოდინით სავსე თვალები და მეთოჯინის მიმართ მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება დღესაც არ შეცვლილა... საკითხავია რატომ? დღეს ხომ უამრავი ჯადოსნური პერსონაჟი არსებობს: კეთილი ადამიანი ობობა, დაუმარცხებელი ტრანსფორმერები, ლეგენდარული კაპიტანი ამერიკა, დედპული, იქს-ადამიანები... და, მაინც, ისევ მეთოჯინე...

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: Spider-Man, Captain America, X-Men და მაინც მეთოჯინე...

პასუხის საპოვნელად ბავშვობის ჰობი ახალ პროფესიას დავუკავშირე, რამდენიმე წლით უკან დავბრუნდი და სცენის კულისებში „მგელიც“ გავიცანი:

- გამარჯობათ, ალბათ თქვენ ჩვენი ახალი მეთოჯინე ხართ, სიუჟეტის გადასაღებად მოხვედით?

- გამარჯობათ, დიახ, მინდა. სცენაზე არასდროს ვმდგარვარ. როგ...

- მე რომ ფაფა შევჭამო, ხელს ხომ არ შეგიშლით? ფაფა მიყვარს ჯამში

- ფაფა? არ ვიცი, ალბათ არა, გემრიელად მიირთვით.

- შენც უყურებ „მულწიკებს“? აი მე ისეთი „მულწიკები“ მიყვარს, წითელქუდა სადაც არის.

- რამდენი წლის ხართ?

- 35. მერე?

- ... გასაგებია, რეჟისორი სად შეიძლება ვნახო?

- მეგონა აღარასდროს მკითხავდი. აქეთ წამობრძანდით, ან დამელოდეთ...

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: Spider-Man, Captain America, X-Men და მაინც მეთოჯინე...

...და ღიღინით წავიდა: თოჯინის მოვლა ყოველდღე, სულ ერთი ციცქნა თითებით, ეჰ, რა დრო მქონდა, მე მაგ დროს ვერა, ვერ აღვწერ რითმებით...

ვფიქრობ: ნამდვილად სწორად მოვედი? მსგავს მსახიობობაზე მხოლოდ ბავშვს თუ გაეცინება... გიჟი რომ არ იყოს, შეშლილი მეგონებოდა... ან როგორი მგელია - ფაფით, საერთოდ არ არის საშიში...

სცენაზე დავრჩი. გვერდით ერთ დიდ ყუთში ჩავიხედე და იქ ერთად ცხოვრობდნენ პინოქიო, პუმბა, სამი გოჭი, წითელქუდა და მალვინა... თოჯინებთან და ახალი წლის დადგომასთან ერთად ბავშვობაც გამახსენდა. სამყარო მუდამ ფერადი, დრო უდარდელი, უზომო ცელქობა. როცა ერთადერთი საფიქრალი გაქვს - როგორ გაერთო.

როლში შესვლისთვის სანტას ფორმით შევიმოსე და, ვხედავ, ნამდვილი სანტა რეჟისორთან ერთად სცენის კიბეებზე ამოდის.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: Spider-Man, Captain America, X-Men და მაინც მეთოჯინე...

- ჰეი, ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი, მოდი, მოდი, სანტად უნდა გაკურთხოთ...

- მოიცა, მე მეთოჯინე უნდა ვიყო, სანტა როგორ ვიქნები? არა!

- არა კი არა... მეთოჯინეობა ურთულესი პროფესიაა, ხო და პური მეპურემ გამოაცხოსო, ნათქვამია. საჩუქრების დარიგება და ბავშვების გახარება არ გირჩევნია მეტყველების გაკვეთილზე ჯდომას? ან კიდევ კვირაობით სცენაზე დგომას? შენ შეგიძლია სცენაზე ბავშვი გახდე? აი, იმ გოგონას რომ უყურებ, ჯადოქრის თოჯინით, 32 წლისაა, ხედავ რამდენი ხანია იცინის? შენ სანტა უნდა იყო. მე ჯადოქარმა მეხსიერება წამართვა.

- სიცილი მეც მიყვარს. სანტა უკვე ვიყავი. ახლა სცენაზე მსახიობობა უფრო საინტერესოა!

- რა ვერ გაიგე!.. მეთოჯინე არ მსახიობობს. მეთოჯინე რეალურადაა ასეთი. არც ერთი ბავშვი არ დაგრჩეს საჩუქრის გარეშე, გასაგებია?

- ეს რა მძიმე ხურჯინი გქონია...

- აბა როგორ გეგონა, წარმატებებს გისურვებ, არ შემარცხვინო! მე გავალ დამსახურებულ პენსიაზე და აბა შენ იცი, არ დამივიწყო.

ვერაფერი გავიგე... აქეთ მგელიო, იქით სანტაო... მსგავს ოინებზე მხოლოდ ბავშვს თუ გაეცინება... მაგრამ უკვე ცოტა სასაცილოც კია...

თუ სრულ ჭკუაზე მყოფ მეთოჯინეს სადმე ნახავდეთ, მეც გამაგებინეთ... სანტას არ დავუჯერე და მაინც შევიცვალე პროფესია.

...მეთოჯინე არ მსახიობობსო. იქნებ ყველანი ასეთები ვართ, სცენაზე არ ვთამაშობთ, არ ვინიღბებით და სცენის მიღმა გვიწევს მსახიობობა.

თურმე ბავშვებსაც ამ ხასიათისთვის უყვართ მეთოჯინე.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: Spider-Man, Captain America, X-Men და მაინც მეთოჯინე...

მართალია. სცენაზე ვიდექი და მეგონა, რომ სწორედ ის ადგილია, საიდანაც შენ ცხოვრებას გვერდიდან უყურებ. შეიძლება მოულოდნელად რომელიმე მსახიობში შენი თავიც დაინახო… კინოსგან განსხვავებით, თეატრში ყველა სიტყვა, გრძნობა და მოქმედება უფრო მძაფრ და რეალისტურ შეგრძნებებს ტოვებს მაყურებელში, ვიდრე ტელევიზორში ნანახი ცხოვრებისეული ფილმი.

ვინ არის მეთოჯინე? ვინც სპექტაკლზე მოსულ ბავშვებს უყურებს და მათ სამყაროში მოგზაურობის უფლება აქვს, ალბათ სწორედ ის... თოჯინები კი იცინიან. ასეთია თოჯინებისა და მეთოჯინის ურთიერთობა და ასეთია მათი ხასიათიც. პროფესიის ყველაზე საინტერესო ნაწილი კი ის იყო, როცა ბავშვებმა შემაფასეს, ბავშვები, რომლებიც ყველაზე კარგად ხვდებიან - ვინ არის ნაღდი და ვინ მსახიობი.

თოჯინებით თამაშს მოვრჩი და „საახალწლო ზღაპარში“ ფარდაც დაიხურა.

ჯადოსნური მეთოჯინის მიერ შესრულებულ ზღაპრულ სპექტაკლს კი ყოველთვის კეთილი დასასრული აქვს. დღესაც შევძელით და თოვლის ბაბუას დავუბრუნეთ მეხსიერება - ახალი წელი გადავარჩინეთ. მე კი თქვენს სამყაროში ბედნიერ და ჯადოსნურ წელს გისურვებთ. იმედი მაქვს, 2019 წელს ჩვენი ცხოვრების მეთოჯინეები ჩვენ ვიქნებით და წელიც ზღაპრული გვექნება...