საქართველოს დედაქალაქში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ექვსმა გუნდმა მიიღო. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტომასალაში მატჩის საუკეთესო კადრები.
ყოველწლიურ საერთაშორისო "ლეგენდების ტურნირზე" თურქი ვეტერანი ფეხბურთელების გუნდმა გაიმარჯვა. სპორტული ღონისძიება თბილისში უკვე მესამედ ჩატარდა.
ფინალში თურქმა ფეხბურთელებმა დაძაბულ ბრძოლაში ესპანელი მეტოქეები დაამარცხეს ანგარიშით 2:1. გამარჯვებულთა შემადგენლობაში თავი გამოიჩინეს მცველმა ჯიჰან ჰასპოლატლიმ და ნახევარმცველმა ვოლკან არსლანმა. ორ ზუსტ დარტყმაზე ესპანელებმა ვისენტე ენგონგას გოლით უპასუხეს.
მესამე ადგილი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც პირველ ორ ტურნირში გაიმარჯვა. მესამე ადგილის მოსაპოვებლად ქართველი ფეხბურთელები უკრაინის გუნდს დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს ანგარიშით 4:2.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა თურქეთის ნაკრების ლიდერი ჰასან კაბზე, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ქართული ნაკრების კაპიტან კახა კალაძეს მიენიჭა. თბილისის მოქმედი მერის ანგარიშზე ცხრა გატანილი გოლია. კიდევ ერთი ჯილდო - მაყურებლის სიმპათია მიიღო ხორვატმა თავდამსხმელმა ივიცა ოლიჩმა, რომელიც ფიფას ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა.