დაკავებულია არასრულწლოვნების მიმართ იძულებასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ბრალდებული

სამართალდამცველებმა გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგონას მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანების მიმართ იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ცილისწამება, შესაძლოა, კანონის დონეზე დასჯადი გახდეს

სამართალდამცველებმა გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგონას მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელით FACEBOOK-ის გამოყენებით სისტემატიურად აიძულებდა არასრულწლოვნებს მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გასაჯაროებით ემუქრებოდა.

„საბედნიეროდ შსს-მ დააკავა დამნაშევე პირი. როგორც ჩანს ეს პირველი შემთხვევა არ იყო. ვთვლი, რომ ყველამ, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, უნდა ამხილოს ეს ავადმყოფები“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობელმა.

გამოძიება სსკ-ის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იძულებას და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფას გულისხმობს.