თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი" პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინის სრულ რაოდენობას (1500 ვაქცინა) მოსახლეობის ვაქცინაციისთვის უფასოდ გამოყოფს, აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოცხადებულ განცხადებაში.
კერძოდ, ხვალიდან, 11 იანვრიდან გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ექსპრეს კლინიკებში შემდეგ მისამართებზე: პეკინის N23/25 (10:00 – 20:00 საათებში), ვაჟა ფშაველას N71 (10:00 – 20:00 საათებში) და ჭავჭავაძის N24 (10:00 – 20:00 საათებში).
კომპანიის ცნობით, უფასო ვაქცინაცია გაგრძელდება ნაშთის სრულ ამოწურვამდე.
საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპის ვირუსით 13 ადამიანი დაიღუპა, მათ ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, H1N1 ვირუსი აღმოაჩნდათ.
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საავადმყოფოში კი კარანტინია გამოცხადებული.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.
H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).
გრიპის ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვირუსული დაავადებით არ არის ავად. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელ მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.