გამყრელიძე: გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98% არის H1N1

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოში ძირითადად H1N1 ვირუსი ცირკულირებს, H3N2-ის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებაზე დაყრდნობით.

თბილისში 22 წლის გოგონა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით დაიღუპა

საქართველოში ბოლო დროს გრიპის ვირუსით 13 ადამიანი დაიღუპა, მათ ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, H1N1 ვირუსი აღმოაჩნდათ.

გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე წელს გაკეთებულია დაახლოებით 450 კვლევა, აქედან 55 პროცენტში (დაახლოებით 230) კი დადგენილია გრიპის ვირუსი.

„230-დან 98 პროცენტი არის H1N1. შესაბამისად, ჯერჯერობით, წელს ქვეყანაში ცირკულირებს H1N1. ოთხი-ხუთი შემთხვევაა H3N2-ის და ერთი შემთხვევა B ვირუსის", – განაცხადა ცენტრის დირექტორმა.

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საავადმყოფოში კი კარანტინია გამოცხადებული.

„112“: სამედიცინო დახმარება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისას გამოიძახეთ

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).

ადამიანების უმრავლესობის ორგანიზმში დაავადება გართულებების გარეშე ერთ კვირაში გადის. მაგრამ არსებობს დაავადების რთული ფორმა, რომელსაც სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია ახასიათებს. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკებზე და არასწორი მკურნალობისას გართულების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.

უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.