თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 102-დან 60-მდე უნდა შემცირდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, შეთავაზებას მიიღებს ყველა თანამშრომელი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ სათანადო მოთხოვნებს უპასუხებს.
„15 იანვარს დასრულდება პოლიტიკის შემუშავება, განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ 60 საშტატო ერთეულისთვის, მოგეხსენებათ ეს არ არის დიდი მასშტაბი, აქედან გამომდინარე ის აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მოქნილი, ძალიან ეფექტური“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
ვინც ვერ დააკმაყოფილებს ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას, მათი მონაცემები გადავა საჯარო ბიუროს განკარგულებაში, რომელიც იზრუნებს სახელმწიფო უწყებებში მათ დასაქმებაზე.
ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული კადრები ერთჯერადად სამი თვის კომპენსაციას მიიღებენ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი უფლებამოსილების განხორციელება 16 დეკემბერს დაიწყო. ახლა ის თავის ადმინისტრაციას აყალიბებს.
სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები მეორე ტურში მოიგო და ამომრჩეველთა ხმების 59,52% მიიღო. მისი კონკურენტი იყო ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე.