თსუ-სა და ილიაუნში სწავლის პროცესი გადაიდო

გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო საჯარო სკოლებსა და თბილისის საბავშვო ბაღებშიც
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილიაუნი) სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე შეჩერდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კერძოდ, ორივე უმაღლეს სასწავლებელში შეიცვალა საგამოცდო პერიოდები და სააუდიტორიო მეცადინეობების განრიგი. უნივერსიტეტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღეს.

გამყრელიძე: გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98% არის H1N1

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სკოლებსა და თბილისის საბავშვო- ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე გახანგრძლივდა.

საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპის ვირუსით 13 ადამიანი დაიღუპა, მათ ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, H1N1 ვირუსი აღმოაჩნდათ.

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საავადმყოფოში კი კარანტინია გამოცხადებული.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).