„112“: სამედიცინო დახმარება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისას გამოიძახეთ

გრიპის გავრცელების გამო „112“-ის ცვლაში 40-ის ნაცვლად 70 ადამიანი მუშაობს.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ მოსახლეობას მოუწოდებს, სამედიცინო დახმარება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისას გამოიძახონ, სხვა შემთხვევებში კი მიმართონ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების გამო „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. შეტყობინების უწყვეტ რეჟიმში მიღებისა და შესაბამისი სამსახურების ინფორმირების მიზნით გაზრდილია ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა, ასევე ცვლაში ადამიანების ოდენობაც.

ცერცვაძე: H1N1 გრიპის სიმპტომები არ განსხვავდება სხვა გრიპის სიმპტომებისგან

„ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა 70 ადამიანი მუშაობს, რაც შეტყობინებების დაყოვნების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს. „112“ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ასევე ახორციელებს ვირუსული ინფექციების შესახებ ოჯახის ექიმებთან შეტყობინებების გადაცემას", – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსით გარდაცვლილია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის არის ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით (H1N1) გარდაცვალების ფაქტებიც.

ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია – 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაავადებული. თუმცა, გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს

ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ „ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სკოლებსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე გახანგრძლივდა.

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).