ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

დღევანდელი მდგომარეობით, აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე მნახველების შესვლა შეიზღუდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

სკოლებსა და ბაღებში, შესაძლოა, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს>>>

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში გრიპის ვირუსით 26 ადამიანი მკურნალობს, მათგან შვიდი ბავშვი და სამი ფეხმძიმე ქალია.

სამედიცინო დაწესებულებაში შეიცვალა მუშაობის გრაფიკიც, დღე-ღამის ცვლას ექიმების რაოდენობა დაემატა და ამ პერიოდში ერთის ნაცვლად ორი ექიმი იმორიგევებს.

„ძალიან გაზრდილია ამბულატორიულ კომპონენტში მომართვიანობა, დღის განმავლობაში ყოფილა 90 პაციენტი და მეტიც. კარანტინის მოხსნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, როცა გრიპი უკან დაიხევს", – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა.

დღევანდელი მდგომარეობით აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. კერძოდ, გრიპის ვირუსის გამო სხვადასხვა საავადმყოფოში 200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, აქედან 20 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გრიპის ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა – ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

რამდენიმე დღის წინ გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო კარანტინი გამოცხადდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და მცხეთის სამედიცინო ცენტრშიც.

საქართველოში, ბოლო მონაცემების მიხედვით, გრიპის ვირუსის 162 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის არის ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით (H1N1) გარდაცვალების ფაქტებიც.

ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 21 ერთეულით ნაკლებია – 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაავადებული. თუმცა, გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს.

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.