ტატა იობიძე თვითნასწავლი ხელოვანია. ჭიქებზე თიხით ულამაზესი ფორმები, ყვავილები გამოჰყავს. ასევე ქმნის ოთახის დეკორაციებს, ხატავს მაისურებზე, ჩანთებზე და ბლოკნოტებზე. როგორ დაინტერესდა და შეისწავლა ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ამის შესახებ ტატა თავად მოგვიყვება.
– პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ, ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ციფრული მედიის ფაკულტეტზე. ჩემი ჰობი ფოტოგრაფია და ხელნაკეთი ნივთების შექმნაა.
– განსხვავებული პროფესიის ბრძანდებით, როდის დაიწყეთ ხელნაკეთი ნივთების შექმნა და რატომ დაინტერესდი ამ საქმიანობით?
– ხელნაკეთი ნივთების შექმნა სამი წლის წინ დავიწყე. მინდოდა დედაჩემს დავხმარებოდი. ვცდილობდი მინიმალურად შემემსუბუქებინა მისთვის შრომა. შემდეგ გავიმარჯვეთ რამდენიმე საგრანტო კონკურსში. უკვე დამოუკიდებლად, სწავლასთან შეთავსებით დაახლოებით ერთ წლის დავიწყე ხელნაკეთი ნივთების შექმნა. ვმუშაობ როგორც თიხაზე, ასევე ჩემივე ფანტაზიით ვქმნი ოთახის დეკორაციებს, ვხატავ მაისურებზე, ჩანთებზე, ბლოკნოტებზე.
პირველად მაისური მოვხატე, შემდეგ დავამზადე თიხისგან სხვადასხვა ფიგურები, არც ისე ცუდად გამომივიდა, მაგრამ პირველი ნამუშევრები დღევანდელ ნაკეთობებთან შედარებით, ვფიქრობ, სასაცილოდ გამოიყურება.
დღევანდელი ნამუშევრები რადიკალურად განსხვავდება მაშინდელისგან. ყველაფრის სწავლა პირველი საფეხურიდან მომიწია და ამაში დედაჩემს მიუძღვის უდიდეს წვლილი. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს ჩემი საქმე ასე ძალიან მიყვარს. დიდი შრომა ჩავდე, რათა ჩემი ნივთები დახვეწილი და განსხვავებული ყოფილიყო.
– რა ნივთებს მოიცავს დღეს თქვენი შემოქმედება?
– „არტეგოს“ ხელნაკეთი სამყარო მოიცავს თიხის ულამაზესი ფორმებით გაფორმებულ ჭურჭელს და სამკაულებს, ოთახის დეკორაციებს, რაც ხისგან და ყვავილებისგან მზადდება, როგორც დაბეჭდილ, ასევე ხელით მოხატულ მაისურებს, ჩანთებს, ბლოკნოტებს და ა.შ.
– რა ემოციას გამოხატავენ ის ადამიანები, ვისთვისაც თქვენი ნამუშევრები იქმნება? ალბათ ძალიან მოსწონთ.
– საოცარი განცდაა, როცა ხედავ, რომ შენი შექმნილი ნივთი ძალიან მოსწონთ. განსაკუთრებით მოსწონთ ფოტოს მიხედვით დამზადებული პერსონაჟები. შეკვეთის მიღების შემდეგ უამრავი ადამიანი მიგზავნის მადლობის წერილს. ძალიან მახარებს მსგავსი შეფასებები და უდიდეს სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი შემოქმედება.
– კრიტიკულ შეფასებებს თუ იღებთ?
– რა თქმა უნდა, კრიტიკოსები ყველგან არიან. თუ ნაკეთობა რაღაც უბრალო ნივთისგან არის შექმნილი, მაგრამ კრეატიულია, ხშირად მესმის კომენტარები – „ასეთს ხომ მეც გავაკეთებ, მთავარი მოფიქრებაა“.
– ახალ წელს როგორ შეხვდით, ალბათ ბევრი ლამაზი ნივთი გააკეთეთ?
– წინასაახალწლოდ ხელნაკეთ ჭიქებზე და საახალწლო დეკორაციებზე დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრ შეკვეთაზე უარის თქმა მომიხდა მცირე დროისა და დიდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ძალიან მინდა სახელოსნო მქონდეს, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება თავად გვესტუმროს და შეიძინოს ნებისმიერი ნივთი.