გენერალური პროკურატურა თიბისი ბანკით დაინტერესდა - ამოღებულია დოკუმენტაცია

პროკურატურამ დაადასტურა დოკუმენტაციის ამოღება, მაგრამ საგამოძიებო შემოწმების მიზეზები არ განუმარტავს
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურა ქვეყნის ერთ–ერთი უმსხვილესი ბანკიდან –  „თიბისიდან“ ამოღებულ დოკუმენტაციას სწავლობს.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ივანიშვილს „ალ კაპონეების კრიმინალური ბანდის" შექმნას აბრალებენ – სკანდალი მწიფდება

უწყებამ ქვეყნის ბანკიდან გარკვეული დოკუმენტაცია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოიღო. თუმცა პროკურატურაში არ აზუსტებენ, კერძოდ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და  არის თუ არა სისხლის სამართლის საქმე აღძრული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ.

მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს არც ბანკში აკეთებენ.

„ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, მით უმეტეს, თუ პროკურატურამ რაღაც წაიღო და თვითონ არ ავრცელებს ინფორმაციას დეტალების შესახებ“, – განუცხადეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს „თიბისი“ ბანკში.

„თიბისი ბანკთან“ მიმართებაში გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  საქართველოს ეროვნული ბანკი.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკი" ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.

გახარიამ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება უარყო

ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა.

„თიბისი ბანკი“ ქვეყნის ერთ–ერთი ლიდერი ბანკია, რომელიც არაერთ მსხვილ პროექტში მონაწილეობს.

გასული წლის ივლისში „თიბისი ბანკი“ „საქართველოს ბანკთან“ ერთად „ქართული ოცნება–დემოკრატიული  საქართველოს “თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა. მაშინ მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა რომ ორივე ბანკმა „ქვეყანა შეჭამა“. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობა თავისი შემოსავლის ერთ მესამედზე მეტს სესხების მომსახურებაში იხდის, რაც დაუშვებელია.

2018 წლის სექტემბერში „თიბისი ბანკი“ ნახსენები იყო ქართული კომპანია „ომეგა გრუპთან“ და მის ხელმძღვანელთან ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებულ სკანდალში.

მაშინ ოქუაშვილმა ქვეყნის ხელისუფლება მის თამბაქოს ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აიძულეს 4 მილიონი ლარი გადაეხადა და ამ სქემაში თიბისი ბანკი მონაწილეობდა.