ქართული კომპანიები გერმანიაში ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგებიან

ავეჯის საერთაშორისო გამოფენა Passagen 2019 14-20 იანვარს გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ავეჯის საერთაშორისო გამოფენა-ზე Passagen 2019 საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

ავეჯის საერთაშორისო გამოფენა Passagen 2019 14-20 იანვარს გაიმართება.

გერმანიაში, ქალაქ კიოლნში ავეჯის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს ოთხი ქართველი დიზაინერი და ავეჯის მწარმოებელი - შპს „ფუნდუკი“, შპს „დიზაინ ბიურო“, შპს XYZ და ი/მ „ანუკა თავართქილაძე“.

საფრანგეთში ფიროსმანი ვან გოგთან ერთად გამოიფინება

ქართული კომპანიები გერმანიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ქართული ავეჯის კლასტერის ორგანიზებით გაემგზავრებიან.

სააგენტოს ცნობით, მონაწილეებს შემუშავებული აქვთ ერთიანი კონცეფცია ღვინის თემატიკაზე და საერთო სივრცეში გამოიფინება ღვინის ავეჯი.

ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება საქართველოს, როგორც ღონისძიების საპატიო სტუმრის საპრეზენტაციო წვეულება, სადაც ქართული მხარე სტუმრებს ქართული ღვინით უმასპინძლებს.

Passagen 2019 დიზაინის მიმართულებით გერმანიაში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა და ქალაქის ცენტრალურ უბნებში თავმოყრილ საგამოფენო სივრცეებში, ავეჯის მაღაზიებსა და შოურუმებში იმართება.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ღონისძიებას დიზაინის საერთაშორისო ექსპერტები, პოტენციური პარტნიორების მაძიებელი კომპანიები, მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ, რაც მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გააცნონ საკუთარი პროდუქცია და პოტენციალი ფართო საზოგადოებას.