პატრიარქი: არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა – სიკვდილის ტოლფასი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, ქრისტეშობასთან დაკავშირებით, მრევლს მიმართა და ქვეყნის მთავარი პრობლემები დაასახელა
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ნარკომანია, აბორტები და აზარტული თამაშები – ჰეროდესეულ მზაკვრობათა ნაწილი, რომელიც ყოველ ეპოქასა და ქვეყანას ახასიათებს, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიოს–პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

საქართველოში მართლმადიდებლები ორშაბათს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — შობას აღნიშნავენ. შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა. საქართველოს პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. 

„ჩვენს დროშიც მისი (ჰეროდეს) მოქმედებანი სხვადასხვა სახით ვლინდება: აბორტით მოწყვეტილ ჩვილთა სისხლი ცას შეჰღაღადებს, ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

კაზინო თუ პური? – რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ქართველები

პატრიარქის აზრით, ჰეროდეს სული ცდილობს, ადამიანებს სინდისის ხმა ჩაუხშოს.

„ჰეროდესეული სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება სხვისთვის არა თუ თავის გაწირვა, ნაცვალგების გარეშე სიკეთის ქმნაც კი; მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ქართული მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღოლი ასევე შეეხო სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის თემასაც.

„თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა“, – მიიჩნევს პატრიარქი.

„ოჯახი – ეს მცირე ეკლესიაა": პატრიარქი საზოგადოებას ერთმანეთზე ზრუნვისკენ მოუწოდებს

ილია მეორის აზრით, ადამიანები, დამცირების მიზნით, უსაფუძვლოდ აყენებენ შეურაცხყოფას ერთმანეთს.

„სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც – გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე – ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

მისი უწმინდესობა ასევე დარწმუნებულია, რომ ადამიანები ცდებიან, როცა მიიჩნევენ, რომ შეურაცხყოფა და ცილისწამება უმნიშვნელო დანაშაულია.

„სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, – როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა – სიკვდილის ტოლფასი“, – ბრძანებს პატრიარქი.

ადამიანის მიერ ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ ქრება, ის იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე, ნათქვამია ეპისტოლეში.