მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მართლმადიდებელ მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მართლმადიდებლური სამყარო დღეს,  7 იანვარს  ქრისტეს შობას  — ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობს.  შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა. 

საქართველოში დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

მამუკა ბახტაძე შობის სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. მან ასევე საქართველოს პატრიარქის ილია მეორის  საშობაო ეპისტოლის უდიდეს მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ  ეპისტოლეში ის გზავნილებია, რომელიც ყველა ადამიანს აწუხებს.

 „მინდა, ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. განსაკუთებით, მინდა მიულოცო ჩვენს ემიგრანტებს. საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები განათლებაზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამშობლოს სიყვარულზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც გვაწუხებს თითოეულ ჩვენგანს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. მსახურებაში ასევე მონაწილეობდნენ მისი მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო და სხვა საეკლესიო პირები.