თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 6 იანვრის საღამოდან 8 იანვრის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში – თოვლი და ქარბუქი.
„6 იანვარს დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ასევე, გარემოს დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, ძლიერმა ნალექმა მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.