„Sputnik-საქართველო“ იხსენებს, რით გაითქვა მთელ მსოფლიოში სახელი ამ ნიჭიერმა ადამიანმა.
ზურაბ წერეთელი თბილისში დაიბადა. მამა — კონსტანტინე წერეთელი (1903-2001 წ.) ცნობილი ინჟინერ-მშენებელი იყო.
ახალგაზრდობის ასაკში ზურაბზე განსაკუთრებული გავლენა მისმა ბიძამ — გიორგი ნიჟარაძემ (დედის ძმამ) მოახდინა, რომლის სახლში იკრიბებოდნენ ცნობილი მხატვრები დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე.
წერეთელმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, შემდეგ საფრანგეთში სწავლობდა. აქ მან პაბლო პიკასო და მარკ შაგალი გაიცნო.
1960-იანი წლებიდან წერეთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა მონუმენტურ ხელოვნებას გაჰყოლოდა. მისი ქანდაკებების ნახვა, საქართველოსა და რუსეთის გარდა, შესაძლებელია ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ–ში, საფრანგეთში, იაპონიაში, ბელარუსში, ლიტვასა და სხვა ქვეყნებში.
1997 წლიდან წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია. 2003 წელს რუსეთის ფედერაციის წინაშე განსაკუთრებული წვლილისთვის მას რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.
წერეთელი ასევე თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის მუზეუმისა და წერეთლის ხელოვნებათა გალერეის დირექტორია. ზურაბ წერეთელი პირველი ქართველი მხატვარია, რომელსაც აშშ-ის ხელოვნებათა ეროვნულმა საზოგადოებამ ოქროს „საპატიო მედალი“ გადასცა. ის აგრეთვე „საპატიო ლეგიონის“ ორდენის კავალერია.
ზურაბ წერეთელი რუსული სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია, ასევე სხვადასხვა პრემიებისა და წოდებების ლაურეატი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია პეტრე დიდის ძეგლი, იოანე პავლე II-ის ძეგლი, მონუმენტები „მეგობრობა სამუდამოდ“ და „ბოროტსა სძლია კეთილმან“.
წერეთელი ასევე ავტორია იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქანდაკების (80 მეტრი). თუმცა, ქანდაკების დადგმის ადგილი ჯერ გარკვეული არ არის. მაესტრო აღიარებს, რომ ქრისტეს ფიგურის შექმნა მისი დიდი ხნის ოცნება და მისი შემოქმედებითი გზის მთავარი შედეგია.
2016 წლის დეკემბერში სანქტ–პეტერბურგში გაიხსნა ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი შოთა რუსთველის ძეგლი, რომელიც შოთა რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს.
ზურაბ წერეთლის მიერ არის შექმნილი თავისუფლების მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის ძეგლი, რომელიც ამჟამად საახალწლო ნაძვის ხედ იქცა. ეს საახალწლოდ მორთული სკულპტურა-ნაძვის ხე არაერთხელ მოხვედრილა ყველაზე უჩვეულო და ლამაზი ნაძვის ხეების რეიტინგში.
საინტერესო ფაქტია — ზურაბ წერეთელი ფიგურირებს მწერალ სერგეი სოკოლკინის რომანში Русская чурка.
მიუხედავად იმისა, რომ წერეთელი, უპირველეს ყოვლისა, განთქმულია როგორც მოქანდაკე, ის თვითონ აღიარებს, რომ სულით ნამდვილი მხატვარია. მისი სურათები ფერის, ადამიანისა და ბუნების სილამაზის ნამდვილი ოდაა. წერეთელს უყვარს მზესუმზირების, რეალური ადამიანების არარეალური პორტრეტების, ასევე ცხოვრების უხილავი სიუჟეტების ხატვა, რომლებიც ასეთი მოულოდნელი, საყვარელი და ყოველთვის მნიშვნელოვანია. მისი შემოქმედების მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველო და მისი განუმეორებელი, მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნება.