თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ირგვლივ ვნებათაღელვა თითქმის კვირაა არ ცხრება – ხუთშაბათს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ სხდომაზე შუალედური გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩევიდან მესამე დღეს კომიტეტიდან გაიწვიეს. მას უნდა შეესრულებინა თავმჯდომარის მოვალეობები, რომელიც კომიტეტს უკვე აღარ ჰყავს.
2018 წლის მიწურულს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ყველასთვის მოულოდნელად საქართველოს პარლამენტის ერთ–ერთმა ყველაზე გავლენიანმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დატოვა. თავიდან ამ გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა დასახელდა. მოგვიანებით კი თავად ბესელიამ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფაქტი გუნდში აზრთა სხვადასხვაობით ახსნეს.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე დარჩა, კომიტეტის წევრებმა გამოსავალი იპოვეს და 31 დეკემბერს გედევან ფოფხაძე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი კობახიძემ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა პროცედურული დარღვევების შესახებ განაცხადეს.
ახალი წლის შემდეგ მესამე დღეს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა შეცდომის გამოსწორება და პარტიის მთავარ ოფისში შეიკრიბა, სადაც მივიდა პარტიის თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. გასული წლის შემოდგომაზე სწორედ ივანიშვილმა დააანონსა პარტიის გაძლიერების მიზნით მასშტაბური ცვლილებები. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამიერიდან დაწინაურება პარტიის წინაშე დამსახურებების მიხედვით მოხდებოდა.
„პარტიამ ჩემი იურიდიული კომიტეტიდან გაწვევა გადაწყვიტა. მე უკვე ვეღარ შევძლებ კომიტეტში რაიმე თანამდებობის დაკავებას, ეს ფრაქციის გადაწყვეტილებაა და არ ვაპირებ გასაჩივრებას“, – განაცხადა ფოფხაძემ ჟურნალისტებთნ.
ამასთან, დეპუტატმა განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე გაჩუმებას არ აპირებს.
„საკითხი არის არა იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ყველა საკითხზე, მათ შორის კონკრეტულ საკითხზე”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ამასთან, „ქართული ოცნება“, სავარაუდოდ, უკვე ჩამოყალიბდა კომიტეტის თავმჯდომარის შესაძლო კანდიდატთან დაკავშირებით. როგორც მმართველი პარტიის ერთ–ერთი ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დიდი ალბათობით აღნიშნულ თანამდებობას ანრი ოხანაშვილი დაიკავებს.
„ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა ერთ–ერთია იმ სამიდან, რომელთაც აღნიშნულ თანამდებობაზე განვიხილავთ. თუმცა, გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება, რადგანაც გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ისევე როგორც მოსამართლეების დანიშვნის საკითხს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, 5 თებერვლიდან დაუბრუნდება.
მოსამართლეების დანიშვნის საკითხი 2018 წლის პარლამენტში ყველაზე დიდი სკანდალი გახდა. ოპოზიციისა და მმართველი პარტიის აღშფოთება გამოიწვია უზენაესი სასამართლოს 10 კანდიდატისგან შემდგარმა სიამ, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. უკმაყოფილების მიზეზი გახდა კანდიდატების წარდგენის ფორმა.
პარლამენტში წარდგენილი ყველა კანდიდატი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა. ამასთან, ზოგიერთ მათგანს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სკანდალური განაჩენები გამოჰქონდათ. მაშინ ოპოზიცია მათ „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთის შესრულებაში სდებდა ბრალს.