ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართული სიმღერები აჟღერდა

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული სიმღერები და ცეკვები  წარუდგინეს
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი -  Sputnik. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ახალი წელი  ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორი სიმღერებით და ცეკვებით  წარუდგინა.  

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტაქტიკური დაჯგუფება „მანჩუს“  მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ უთლაუთი, ავღანეთის ნაციონალური ჯარის მეოთხე  ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუჯტაფა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირები.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებს ფასიანი საჩუქრები ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა გადასცა.

„ბაგრამის საავიაციო ბაზიდან სრულიად საქართველოს და განსკუთრებით საქართველოს თავდაცვის ძალებს ვულოცავთ 2019 წელს. ეს წელი ყოფილიყოს გამარჯვებისა და საქართველოს გამთლიანების წელი“, - განაცხადა მალხაზ მერლანმა ღონისძიებაზე.

ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება ნატოს არასაბრძოლო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support). ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი  სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის. საქართველოდან მისიაში 870 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.