თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს 2019 წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ამის შესახებ მეტროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლებს ხელფასები ახალი წლიდან 10-15%-ით გაეზრდებათ.
„მადლობას ვუხდით თბილისის მოსახლეობას, ჩვენს მგზავრებს პრობლემის სწორად აღქმისთვის და აქვე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ გაფიცვის დროს შექმნილი დისკომფორტისთვის. ასევე კომპანიის, მერიისა თუ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ვინც სწორად გაიგო ჩვენ მიერ დასმული პრობლემის არსი და ქმედითი ნაბიჯები გადადგა მისი მოგვარებისთვის“, -განაცხადეს პროფკავშირების წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე.
მეტროპოლიტენის თანამშრომლები 2018 წლის ივნისში გაიფიცნენ. სამი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო მეტროს 23-ვე სადგური, რამაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი და საცობები გამოიწვია. მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 45%-ით ზრდა იყო.