თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში 22 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სამინისტროს ინფორმაციით, 22 ბინიდან ოთხი ერთოთახიანია, 10 ოროთახიანი, რვა კი სამოთახიანი.
საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.
საცხოვრებელი ფართით ის დევნილები დაკმაყოფილდნენ, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრობენ.
სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის გაზაფხულზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, მარნეულში ბინას კიდევ 16 ოჯახი მიიღებს.