თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და გულგრილობის ფაქტებზე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შვიდი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში, წყალტუბოსა და მცხეთაში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დადებითი დასკვნები გაიცემოდა.
დანაშაულში მხილებულ პირებს ბრალდებები წარედგინათ სსკ-ის 221-ე მუხლის მესამე და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით (კომერციული მოსყიდვა და გულგრილობა), რაც თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე, გრძელდება გამოძიება თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონებში არსებულ ტექნიკური ინსპექტირების შვიდ ცენტრში აღმოჩენილი დარღვევების შესწავლისა და დამნაშავე პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.