„ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველობის რეჟიმი გაგრძელდა

მიუხედავად კომპანიის მფლობელის შეცვლისა, სპეცმმართველობის რეჟიმი ვალის დაფარვის დადასტურებამდე გაგრძელდა
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველობის რეჟიმი სამი თვით გაგრძელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპეციალური მმართველის თანამდებობას 2019 წლის 1 აპრილამდე გიგლა თამაზაშვილი შეინარჩუნებს.

„ყაზტრანსგაზმა" 40 მილიონ დოლარად იყიდა კომპანია WALTBAY, რომელიც ქართულ საინვესტიციო კომპანია CBS-ს ეკუთვნის.

„ახალმა მესაკუთრემ მოგვმართა რეჟიმის ცვლილების მოთხოვნით. ჩვენ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში გავგზავნეთ წერილები დადასტურების თხოვნით, რომ ვალი დაფარულია, მორიგება „ყაზტრანსგაზთან" საარბიტრაჟო საქმეზე მიღწეულია. წერილების და დადასტურებების ნაწილი უკვე მიღებული გვაქვს. ნაწილს ველოდებით", - განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკ-ი) თავმჯდომარე ირინა მილორავამ ტელეარხის ეთერში.

თბილისში გაზის ტარიფები შემცირდა

შპს „ყაზტრანსგაზ–თბილის" სს „ყაზტრანსგაზმა" 2006 წელს შექმნა, როდესაც „ყაზტრანსგაზსა" და საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი დედაქალაქისა და მისი მიმდებარე რაიონების გაზით მომარაგების თაობაზე.

2006 —2009 წლებში სს „ყაზტრანსგაზმა" საერთო ჯამში „ყაზტრანსგაზ-თბილისის" განვითარებისათვის 130 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. 2009 წლის მარტიდან, მსხვილ საკრედიტორო დავალიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის – სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ —თბილისში" სპეციალური მმართველი დაინიშნა.

იმ დროისათვის შპს „ყაზტრანგაზ —თბილისის" საკრედიტორო დავალიანება 80 მილიონ ლარს აღემატებოდა, აქედან 68 მილიონი ლარი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინაშე არსებული დავალიანება იყო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.