ვითარება საქართველოს გზებზე: რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა პრობლემები შექმნა

საავტომობილო გზებზე აკრძალვები უამინდობის გამოა დაწესებული
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ინტენსიური თოვის, ზვავსაშიშროებისა და ქარბუქის გამო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა შეზღუდულია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კერძოდ, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ვერონა-შუამთის მონაკვეთზე (ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 37-55-ე კმ. ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, ქარბუქისა და ნამქერების გამო ფარავნის უღელტეხილზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ. მონაკვეთი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ქარბუქისა და ნამქერების გამო, შეზღუდვებია დაწესებული ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზეც.

ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარსა (90-112-ე კმ. მონაკვეთი )და ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზებზე (1-36.5-ე კმ. მონაკვეთი ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.