საახალწლო გალა-კონცერტი თბილისში - მუსიკალური ვარსკვლავთცვენა

კონცერტზე აჟღერდება საშობაო და საახალწლო სიმღერები, ასევე ყველა დროის მსოფლიო ჰიტები
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საახალწლო გალა-კონცერტი ღია ცის ქვეშ, რომელიც 31 დეკემბერს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, მსოფლიო კინომუსიკის შედევრებს მიეძღვნება და 200-ზე მეტ მუსიკოსს შეკრებს.

როგორ შევხვდეთ 2019 წელს, რომ წარმატება მოვიზიდოთ

კონცერტი, რომელიც ოთხი საათი გაგრძელდება, 23:00 საათზე დაიწყება. სცენაზე გამოვა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბაგრატიონი, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, გიორგი მახარაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ანსამბლი „შვიდკაცა" და სხვები, იუწყება პირველი არხი თბილისის მერიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე 28 დეკემბერს საახალწლო სოფელი გაიხსნა, რომელიც 7 იანვრამდე იფუნქციონირებს. სტუმრებს სოფელში თოვლის ბაბუა უმასპინძლებს. აქ ყოველდღიურად გაიმართება მუსიკალური კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და სხვადასხვა გასართობი შოუ.

ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამასთან, თბილისის მეტრო და ავტობუსები 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო საბაგირო გზები - 03:00 საათამდე. მერის განცხადებით, ახალი წლის ღამეს 74 მარშრუტით 156 ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსებს შორის მოძრაობის მაქსიმალური ინტერვალი 30 წუთი იქნება.