„პიროტექნიკასთან ფრთხილად" - საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

ყოველწლიურად ახალი წლის ღამეს საავადმყოფოებში პიროტექნიკის გამო დაშავებული ათობით ადამიანი ხვდება
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალი წლის წინ ქვეყნის მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების დროს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

სავალალო შედეგის ასაცილებლად: რა უნდა იცოდეთ პიროტექნიკის გამოყენების შესახებ

საქართველოში პიროტექნიკა საახალწლო დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. შუაღამისას, ახალი წლის დადგომამდე და შემდეგ, ქვეყნის მცხოვრებნი გადიან აივნებზე ან ეზოებში და სალუტებს უშვებენ. ამასთან, ყოველწლიურად პიროტექნიკის არასწორი გამოყენების, ან წუნიანი პიროტექნიკის გამო, ათობით ადამიანი ხვდება საავადმყოფოებში.

„პიროტექნიკურ ნაწარმს უნდა ჰქონდეს, ზედ ეწეროს ინსტრუქცია, გამოშვების წელი, შენახვის პირობები, დაყოვნების დრო 2 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ჯანბეგაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში შესწორებები მიიღო, რომლის თანახმად, პიროტექნიკის მიყიდვა არასრულწლოვანზე დაისჯება 100 ლარის ოდენობის ჯარიმით ფიზიკური პირისთვის და 200 ლარით - იურიდიული პირისთვის. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.