საქართველოში ბენზინი გაიაფდა - ფასების კლება წლის ბოლომდე გაგრძელდება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების დაწევამ საქართველოში საწვავის ღირებულების შემცირება გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საწვავის ყველა სახეობაზე ფასი საშუალოდ 10 თეთრით შემცირდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საწვავის მაქსიმალური ფასი საქართველოში ნოემბრის დასაწყისში დაფიქსირდა. მაგალითად „ეკო სუპერის" ბენზინის ფასი კომპანია Wissol-ის ავტოგასამართ სადგურებზე იმ დროს 2,71 ლარი ღირდა, თუმცა, ამის შემდეგ ფასმა ნელ-ნელა იკლო და დღეისთვის ერთი ლიტრი ამ საწვავის ფასი 2,64 ლარს შეადგენს.

საქართველოში ბენზინი ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს>>

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფასების ვარდნის მიზეზი შიძლება მთელ მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის შემცირება გახდეს. საერთაშორისო ბაზრებზე Brent-ის მარკის ბარელი ნავთობი 54 აშშ დოლარი ღირს მაშინ, როცა ოქტომბერში ფასი 86 დოლარს აჭარბებდა.

„ზოგადად, როდესაც ფასების კლებას აქვს უკვე ტენდენციური ხასიათი და ის არის მნიშვნელოვანი შემცირებული, კომპანიების მიერ ხდება მათი ნაშთების მარაგების განახლება და ახალი პარტია შემოაქვთ, ახალი იმპორტი ხორციელდება და ეს პროდუქტი არის უკვე იაფად შეძენილი, სწორედ ამ დროიდან ხდება ფასების კორექტირება", - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

საპროტესტო აქცია თბილისის ქუჩებში - მძღოლები საწვავის გაიაფებას მოითხოვენ

ნავთობის ბიზნესის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ საწვავის ფასების შემცირება საქართველოში წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„Gulf-ის ქსელში საწვავის ფასები შემცირდა. სხვადასხვა პროდუქტზე სხვადასხვა რაოდენობით, დაახლოებით 10 თეთრამდე. ფასების კლება დაახლოებით ნოემბრიდან დაიწყო და ტენდენცია გაგრძელდება, რადგან უკვე ოქტომბრიდან ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე შეიმჩნევა ფასების კლება. კლების ტენდენცია, ჩვენი ვარაუდით, კიდევ გაგრძელდება, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ფასები კვლავ იკლებს", - განაცხადა კომპანია Gulf-ის საოპერაციო დირექტორმა საბა ჯაშიაშვილმა.

ექსპერტ-ეკონომისტები აცხადებენ, რომ აქამდე, მიუხედავად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის ან შემცირებისა, ფასები ქართულ ბაზარზე, ძირითადად, უცვლელი რჩებოდა. შესაბამისად, 10 თეთრის ფასის კლება, შესაძლოა, სხვა ფაქტორებსაც უკავშირდება.

„ხუთი მსხვილი კომპანია გვყავს, რომელიც ოპერირებს ბაზარზე. როდესაც ყველა ერთდროულად ამცირებს ან ზრდის (ფასებს), ეს აჩენს კითხვებს საზოგადოებაში - ხომ არ არის მათ შორის რაიმე კანონსაწინააღმდეგო გარიგება კარტელური გარიგების სახით, ან სხვა ისეთი გარიგება, რომელიც, შეიძლება, მომხმარებლის უფლებებს ლახავდეს", - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ ტელეკომპანიის ეთერში.

მოძრაობის ფასი, ანუ როცა საწვავს „ცეცხლი უკიდია“...>>

ნავთობზე ფასების შემცირებით კმაყოფილი არიან ავტომფლობელებიც, თუმცა, მიიჩნევენ, რომ 10 თეთრი საკმარისი არაა და ღირებულება კიდევ უნდა შემცირდეს.

დოლარის კურსი დღეს - 1$/2,66 GEL.